English / ქართული / русский /
გიორგი დიდიძე
რეგიონული საინოვაციო სისტემა როგორც ინოვაციური პოლიტიკის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის ელემენტი

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ინოვაციური სისტემის შექმნის ობიექტური აუცილებლობა და სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობა რეგიონების ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. მოყვანილია რეგიონული ინოვაციური სისტემის კონცეფციის განსხვავებული ინტერპრეტაციები და პოსტულატები. შემოთავაზებულია რეკომენდაციები მცირე და საშუალო სიდიდის რეგიონებში ინოვაციური სისტემების განვითარების მიზნით, მათ შორის, აღნიშნულია ერთი ან რამდენიმე მოქმედი კლასტერის არსებობა, რომლებშიც გაერთიანებულია მცირე და საშუალო საწარმოები, აგრეთვე, მსხვილი (ლიდერი)კომპანია/კომპანიები. დასმულია საკითხი რეგიონის ინოვაციური განვითარების პროგრამის მომზადების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: რეგიონული ინოვაციური სისტემა; ინოვაციური სისტემის კონცეფცია; კლასტერი; კონკურენტუნარიანობა; ინოვაციური განვითარების პროგრამა. 

შესავალი

მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ საინოვაციო პოლიტიკის ამოცანების შესრულება რეგიონულ დონეზე შეუძლებელია სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობის გარეშე. ამჟამად საქართველოში არ არსებობს სრულფასოვანი რეგიონული საინოვაციო სისტემის შექმნის მაგალითები. თუმცა, ბევრი მათგანი ქმნის ამ სისტემის ელემენტებს. მომავალში რეგიონებმა შესაძლებელია მიაღწიონ კონკურენტული უპირატესობის ისეთ დონეს, რომ ჩამოყალიბდნენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ცენტრებად. რეგიონებში საინოვაციო პოლიტიკის ჩამოყალიბება ხდება შიდა ინოვაციური მოდელის შექმნის შედეგად.

რეგიონულ დონეზე ინოვაციური სისტემის შექმნის ობიექტური აუცილებლობა წარმოიშვა  გასული საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიო ბაზრებზე კონკურენციის მკვეთრად გამწვავების  შედეგად. კერძოდ, ტერიტორიების კონკურენციულმა ბრძოლებმა გამოავლინა ეკონომიკური განვითარების ტრადიციული რეგიონული მოდელების დაბალეფექტიანობა.  ამან ბიძგი მისცა კლასტერების ჩამოყალიბების პროცესს რეგიონულ დონეებზე,  ფირმებისა და მრეწველობის მრავალრიცხოვანი წარმატებული ტექნოლოგიების ბაზაზე. სამეცნიერო და სამეწარმეო წრეებში პოპულარული გახდა ახალი ანალიტიკური კონცეფცია რეგიონული კონკურენტუნარიანობის ზრდის სტიმულირების აუცილებლობის შესახებ. ეს მიდგომა ეფუძნებოდა სპეციალიზებულ ტექნოლოგიურ რესურსებს, რომელთა ეფექტიანად გამოყენება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო კვალიფიციური სამუშაო ძალისა და საშუამავლო ორგანიზაციების  ერთობლივი საქმიანობის  მეშვეობით. 

ინოვაციური პოლიტიკის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის ელემენტი

რეგიონული ინოვაციური სისტემის კონცეფციის ერთ-ერთი ფუძემდებელია კარდიფის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სპეციალური კვლევების ცენტრის პროფესორი ფილიპ კუკი. მან შემოგვთავაზა რეგიონული ინოვაციური სისტემის განსაზღვრება „ინოვაციური ჯაჭვის კვანძების სახით, რომელიც მოიცავს ფირმის ცოდნის გენერირებას, ამ ცოდნის მომხმარებელ ორგანიზაციებს, საწარმოებს და სხვადასხვა სტრუქტურებს, რომლებიც ასრულებენ სპეციალიზებულ ფუნქციებს: ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, ინოვაციური პროექტების დაფინანსება, საბაზრო ექსპერტიზა და პოლიტიკური მხარდაჭერა.

ეკონომისტთა ამ კონცეფციის სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ ინოვაციური სისტემის მრავალი ელემენტი (ინოვაციების გენერირება, ტექნოლოგიების ტრანსფერი და სხვა) ხასიათდება გეოგრაფიული ლოკალიზაციით, ანუ რეგიონული ასპექტებით. ასე მაგალითად, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მაიკლ პორტერი აცხადებს, რომ „გლობალურ დონეზე ფირმების მდგრადი კონკურენტული უპირატესობები ხშირად უზრუნველყოფილია მათი ძლიერი პოზიციით ადგილზე, მათ შორის მაღალკვალიფიციური მრეწველობის, პერსონალის, ინსტიტუციური სტრუქტურების, მომწოდებლების, მომხმარებლებისა და სხვა ინდივიდუალური რეგიონების კონცენტრაცია.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული ინოვაციური სისტემის კონცეფციის საფუძვლები დიდწილად ნასესხები იყო ეროვნული კონცეფციისაგან. კერძოდ, სამუშაოების წარმატებით მშენებლობის ძირითადი რეკომენდაციების თითქმის მთელი კომპლექტი იმეორებს ეროვნული კონცეფციის ცნობილ სქემებს სტრუქტურულად და ადაპტირებულია რეგიონულ დონეზე. შესაძლოა, კონცეფციის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ეროვნულ კონცეფციაში გამოყენებულ სქემებთან შედარებით უფრო მკაფიოა კლასტერულ კომპონენტთან მიმართებით: ეროვნული ინოვაციური პროგრამებისგან განსხვავებით, რეგიონული, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეყრდნოს მკაცრად შეზღუდული რაოდენობის წარმოებების აქტიურ განვითარებას. ამ რეგიონებისთვის პრიორიტეტია ძლიერი მრეწველობა  (და ეს ასპექტი განსაკუთრებით ცხადია მცირე და საშუალო ზომის რეგიონებისათვის).

ზოგადი ფორმით, სტანდარტული რეგიონული კონცეფციის საფუძველია შემდეგი პოსტულატები:

  • ე.წ. ცოდნის პროვაიდერების (ახალი ტექნოლოგიები, პერსპექტიული სამეცნიერო კვლევა და ა.შ.) აქტიური ზრდის ღონისძიებების კომპლექსი, მათ შორის, უნივერსიტეტებისა და/ან საკონსულტაციო ფირმების სტრუქტურები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი ფირმების მჭიდრო კავშირს ცოდნასა და რესურსების გარე წყაროებთან;
  • მაღალკვალიფიციური შრომის მოზიდვა რეგიონში;
  • ბიზნესის ინკუბატორის ქსელების შექმნა დამწყები კომპანიების მხარდასაჭერად;
  • კვლევითი ორგანიზაციის შექმნა და გრძელვადიანი დაფინანსება, რომელიც რეგულარულად აკვირდება და სწავლობს ძირითადი ბაზრებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელოვან რეგიონულ ინდუსტრიულ კლასტერებს;
  • რეგიონული საინოვაციო კომპანიების, კვლევითი ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების ურთიერთთანამშრომლობისა და თანამშრომლობის სისტემის ეფექტური მექანიზმების შექმნა;
  • ხშირი კონტაქტის უზრუნველყოფა ადგილობრივი ბიზნესელიტის წარმომადგენელებს შორის, ანუ ფორმალური და არაფორმალური ქსელური ორგანიზაციების განვითარება;
  • რეგიონში ვენჩურული კაპიტალის შემოდინების უზრუნველყოფა  (მათ შორის დაფინანსების საწყის ეტაპებზე - „ბიზნეს ანგელოზების" ქსელების შექმნა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავამატოთ აუცილებელი, მაგრამ არა        ყოველთვის საკმარისი წინაპირობა რეგიონული ინოვაციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის - ძლიერი რეგიონული კონტროლის ცენტრის არსებობა სხვადასხვა ინოვაციური პროგრამებისთვის.

რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრასთან ერთად, ადგილობრივი ადმინისტრაცია შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსების პროგრამებს. აქ იგულისხმება პირდაპირი საბიუჯეტო ასიგნებების მიღება, შეღავათიანი დაკრედიტება ან საგადასახადო შეღავათების სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება. იმავდროულად, გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის ინოვაციური განვითარების პროცესის მონაწილეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების ღონისძიებები.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი რეგიონული ინოვაციური სისტემების შექმნის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნები, სადაც შემუშავებულია რეგიონული ინოვაციური განვითარების 150-ზე მეტი პროგრამა. ინოვაციური განვითარების გზა აირჩია რიგმა დინამიურად განვითარებადმა ქვეყნებმა (ჩინეთი, ინდოეთი, ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა და სხვა). უნდა აღინიშნოს, რომ ინოვაციური სისტემები ვითარდება თითქმის ყველა ქვეყნის მსხვილ რეგიონებში.

მოცემულ სფეროში მოღვაწე მეცნიერი ეკონომისტები (შვედეთის ექსპერტები მ. ანდერსონი და ჩ. კარლსონი და სხვ.) იმ ტერიტორიული წარმონაქმნების მიხედვით, რომლებიც არ გამოირჩევა მოსახლეობის რაოდენობითა და სიმჭიდროვით, გამოჰყოფენ ინოვაციური განვითარების მხრივ ჩამორჩენის ორ მთავარ მიზეზს: ტექნოლოგიატევადი სამრეწველო დარგების შეზღუდული რაოდენობა და ინოვაციების მაგენერირებელი სამეცნიერო ცენტრების (უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები) ნაკლებობა. გარდა ამისა, გეოგრაფიულად ჩაკეტილი ინოვაციური სისტემები მეტ-ნაკლებად ხანგძლივი პერიოდისათვის ვერ ინარჩუნებენ რეგიონში ფუნქციონირებადი კომპანიების კონკურენტუნარიანობასა და ხასიათდებიან მოუქნელობით ახალი ტექნოლოგიების წარმოშობის შემთხვევაში რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების ვექტორის კორექტირების თვალსაზრისით. მათ  არ გააჩნიათ საკმარისად მყარი კავშირები ცოდნის მომწოდებლებთან (უმაღლესი სკოლები, კვლევითი ორგანიზაციები და სხვა), რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს რეგიონის კომპანიების კონკურენტუნარიანობის დაცემა და ბაზრიდან გასვლა. გამოსავალი შესაძლებელია მოიძებნოს რეგიონის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერებასა და/ან შედარებით მეცნიერებატევადი რეგიონებიდან მომდინარე ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან ადაპტირებაში.

მკვლევარები გვთავაზობენ რეკომენდაციებს პატარა და საშუალო სიდიდის რეგიონებში ინოვაციური სისტემების განვითარების მიზნით. ესენია:

  1. ეფექტიანი რეგიონული ინოვაციური სისტემების შექმნის წანამძღვარია ერთი ან რამდენიმე მოქმედი კლასტერის არსებობა, რომლებშიც გაერთიანებულია მცირე და საშუალო საწარმოები, აგრეთვე, მსხვილი (ლიდერი)კომპანია/კომპანიები და რომლებიც გარშემორტყმული არიან მრავალი მომწოდებლებითა და მომხმარებლებით;
  2. იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო ზომის რეგიონების უმრავლესობა განიცდის ადგილობრივი საჯარო და კერძო კვლევითი ორგანიზაციების ნაკლებობას, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, დამყარდეს გრძელვადიანი ინტენსიური კავშირები სხვა რეგიონების უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებთან;
  3. მცირე და საშუალო ზომის რეგიონებისათვის, სადაც არსებობს ინოვაციურად აქტიური კვლევითი ცენტრები, მნიშვნელოვანია სპეციალური ღონისძიებების გატარება რეგიონული საინოვაციო საწარმოების პროდუქციის სპეციფიკისადმი ამ ცენტრების საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროფილის ადაპტირება;
  4. მნიშვნელოვანი ამოცანაა, გატარდეს სათანადო ღონისძიებები გარედან კვალიფიციური პერსონალის შემოდინებისთვის მიმზიდველი პირობების შესაქმნელად;
  5. რეგიონული ინოვაციური სისტემის წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად  კოლექტიური სწავლებისა და მონაწილეთა მრავალმხრივი საქმიანი დიალოგის პროცესის ეფექტიანად წარმართვაზეა დამოკიდებული;
  6. ცნობილია, რომ ინოვაციების დიდი ნაწილი ჩაისახება  ახლად შექმნილი საწარმოების წიაღში. ამიტომ, რეგიონული ინოვაციური სისტემის შექმნისა და განვითარებისათვის სტარტაპ-კომპანიების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება;
  7. ცალკეულ რეგიონში ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შესწავლილი უნდა იქნეს სხვა რეგიონებში მსგავსი პროგრამების განხორციელების გამოცდილება, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები;
  8. ინოვაციური სისტემის ფორმირების დროს არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთს დაემთხვეს რეგიონების ადმინისტრაციული და ფუნქციური საზღვრები. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, ფორმალური ტერიტორიული მახასიათებლების ნაცვლად ვიხელმძღვანელოთ ზოგადი ეკონომიკური ეფექტურობის კრიტერიუმებით.

აღნიშნულის გარდა, გასათვალისწინებელია ის გარემოებანი, რომ, ტრადიციულად, მცირე და საშუალო ზომის რეგიონებში ინოვაციური სისტემების შექმნას შეაფერხებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში თანამშრომლობის დაუინტერესებლობა მსხვილი საწარმოების მხრიდან, აგრეთვე, ურთიერთ თანამშრომლობისა და თანადგომის ძალზე სუსტი დონე ერთი მხრივ, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესსა და მეორე მხრივ, უმაღლეს სასწავლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის.

აღნიშნული რეკომენდაციების ფონზე და შემაფერხებელი ფაქტორების რამდენადმე ნიველირების შედეგად, საქართველოს რიგ რეგიონებში შეინიშნება აქტიურობა ინოვაციური სისტემების ჩამოყალიბების მიმართულებით. ეს წამოწყებები საჭიროებს სათანადო მეთოდოლოგიურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია ამ დროს რეგიონებში საბაზისო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელთა მეშვეობით განისაზღვრება რეგიონული ინოვაციური სისტემების  მიზნები, ამოცანები და ფორმირების გზები. პირველ რიგში,  ეს არის ინოვაციური საქმიანობის განვითარების პროგრამა. ასეთი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები ეფექტიანობის განსხვავებული დონით, მრავალჯერ არის აპრობირებული მსოფლიო პრაქტიკაში. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ  მაქსიმალურად იქნეს მიღწეული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისობა რეგიონული ეკონომიკის ხასიათსა და საწარმოების განვითარების დონესთან. აქედან გამომდინარე, პროგრამის შემუშავების პრიორიტეტული ამოცანაა არსებული ბაზის კვლევა: საწარმოები, ინფრასტრუქტურა, ადამიანები. ასეთი კვლევა არა მხოლოდ უზრუნველყოფს ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე მოთხოვნილებებსა და მოთხოვნებს, მისი სხვა მნიშვნელოვანი ამოცანაა "ინოვაციური აქტივის" კონტურების ჩამოყალიბება - საწარმოებისა და ინოვაციური საქმიანობის განხორციელების გამოცდილების მქონე ადამიანთა ჯგუფის შექმნა. ინოვაციების განვითარებაში ასეთი დაინტერესებული და გამოცდილი "აქტივის" ჩართვის გარეშე  ადმინისტრაციულ საქმიანობას ახლავს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების მაღალი რისკი და საზოგადოების უნდობლობა.

სავარაუდოდ, ყველა რეგიონში არსებობს "ინოვაციური აქტივების" ჩამოყალიბების შესაძლებლობა. საერთო ჯამში, ასეთი "აქტივის" შემადგენლობა (ათ წევრამდე) უნდა  წარმოადგენდეს ინოვაციური საქმიანობის ყველა ასპექტს. ამ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რეგიონის ინოვაციური საქმიანობის ექსპერტთა საბჭო. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს წევრების სია იყოს გამჭვირვალე და რეგულარულად განახლებადი  ახალი ინოვაციური აქტივობების წარმოშობის კვალობაზე. სასურველია, საბჭოში მოწვეულ იქნან საინოვაციო საქმიანობაში მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტებიც სხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან. ეს შესაძლებლობას მისცემს ექსპერტთა საბჭოს, ერთი მხრივ, იყოს უფრო ობიექტური  და, მეორე მხრივ, განავითაროს ინტერ-რეგიონული და საერთაშორისო კავშირები. მნიშვნელოვანია, შემუშავებული პროექტის ინოვაციური პოტენციალის ობიექტური შეფასება გარე ექსპერტების მიერ. რეგიონულმა ადმინისტრაციამ, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს რეგიონის ინოვაციური განვითარების პროგრამის მომზადება, მისი განხილვა და მიღება. როგორც წესი, პროგრამაში უნდა აისახოს შემდეგი ძირითადი საკითხები:

  1. საინოვაციო საქმიანობის განვითარების პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიკაცია;
  2. საკანონმდებლო რეგულირება;
  3. ადმინისტრაციული და ეკონომიკური სტრუქტურების შექმნა რეგიონულ და მუნიციპალურ ადმინისტრაციებში, რომელთა ამოცანა იქნება საინოვაციო საქმიანობის განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
  4. მსხვილ რეგიონულ ცენტრებში ინოვაციების მხარდამჭერი ტერიტორიული ინფრასტრუქტურის შექმნა   (ტექნოლოგიური პარკები, საწარმოს ფონდები, საინფორმაციო ცენტრები და ა.შ.);
  5. საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ საინოვაციო საქმიანობის განხორციელების სტიმულირების ღონისძიებები;
  6. რეგიონის წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ტექნოლოგიების კომერციალიზაციის განყოფილებების ორგანიზება;
  7. კომუნიკაციის პლატფორმების შექმნა მთავრობის, მეცნიერებისა და ბიზნესის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად;
  8. რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ აქტიური ახსნა-განმარტებითი პიარ-კამპანიის წარმოება რეგიონის "ინოვაციური განვითარების ტერიტორიად" გადაქცევის  პროგრამის შესახებ.

ამ  ჩამონათვალიდან ჩანს, რომ რეგიონში ინოვაციური საქმიანობის განვითარების ამოცანა აერთიანებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ბიზნესს, მეცნიერებას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიას, მთლიანად საზოგადოებას. ამავდროულად, ამ საქმიანობის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება რეგიონის ადმინისტრაციას. ინოვაციური საქმიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა ინოვაციური თემატიკის   გამოყოფა ადმინისტრაციული მმართველობის ცალკე ერთეულად რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე. ეს შეიძლება იყოს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში, ისე დამოუკიდებელი არაკომერციული, პარტნიორული თანამშრომლობის პრინციპებზე შექმნილი ორგანიზაცია.  მის საქმიანობაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ინოვაციისათვის ზოგადად ხელსაყრელი კლიმატის შექმნა და რეგიონის ინოვაციური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. ხელსაყრელი კლიმატის შექმნა მოიცავს რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის ერთობლივი ღონისძიებების ფორმალიზებას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ინოვაციურად აქტიური საწარმოების დაცვა მრავალი ადმინისტრაციული თუ მაკონტროლებელი ორგანიზაციის ზეწოლისაგან. 

დასკვნა 

რეგიონული ინოვაციური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება  მოითხოვს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესის, მეცნიერების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებას. ინოვაციური საქმიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა ინოვაციური თემატიკის   გამოყოფა ადმინისტრაციული მმართველობის ცალკე ერთეულად, ხელსაყრელი კლიმატის შექმნა, სათანადო მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზება.

 გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგია. თბილისი, 2010.

2. 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა, თბილისი, 2014.

3. The economic development of region is the basis of self-government. Interntional Conference “Local and Regional Development in Europe – Contemporary Challenges”.COUNCIL OF EUROPE, GTZ, MRDI. July 8-9, Batumi, 2010.